"დიდი შვიდეულის" ქვეყნები საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადის დაწესებაზე შეთანხმდნენ

"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა "ისტორიულ" შეთანხმებას მიაღწიეს საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჯგუფის ფინანსთა მინისტრები ლონდონში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გლობალური კორპორატიული გადასახადის განაკვეთი მინიმუმ 15%-ი იყოს და კომპანიებმა გადასახადი იმ ქვეყნებში გადაიხადონ, რომლებშიც ოპერირებენ და არა მხოლოდ იქ, სადაც მათი სათაო ოფისებია განთავსებული.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება მიზნად ისახავდა გლობალური კომპანიებისთვის თანაბარი პირობების შექმნას.

"მრავალი წლის დისკუსიის შემდეგ, G7- ის ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას გლობალური საგადასახადო სისტემის რეფორმირებისთვის, რათა ის გლობალური ციფრული ეპოქისთვის შესაფერისი იყოს", - თქვა სუნაკმა.

მოცემული შეთანხმება მოიცავს ორ მთავარ პუნქტს:

1. საერთაშორისო კომპანიებს, სულ მცირე, 10% მოგების ზღვარით მოუწევთ გადასახადების გადახდა იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებენ.

2. გლობალური მინიმალური კორპორაციული გადასახადის დაწესება, რომელიც შეადგენს 15%-ს.

როგორც BBC წერს, დაზარალებულ კომპანიებს შორის შეიძლება იყოს ისეთი ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა Amazon და Google.