სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„სომხეთისა და არცახის ხელმძღვანელობებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ჩვენს ხალხს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებული და სათანადო ახსნა-განმარტება. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მათ მივმართო: ეროვნული ერთიანობის დასაცავად შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ემოციების გადაჭარბებული გამოხატვისგან. ძალადობა და არეულობა თავიდან უნდა ავიცილოთ", - აცხადებს სომხეთის პატრიარქი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.
შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.
შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერევანში მისი განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ.