გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციისადმი მის მოწოდებას განმარტავს

"ენმ - ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განმარტავს განცხადებას, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდებს.

"დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ფეისბუქში" პოლიტიკოსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

მის ამ განცხადებას, ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა:

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განცხადებას დამაბნეველი უწოდა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია.

„რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის გაუგებარი და დამაბნეველი განცხადება. ველოდებით თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილებაა მათ პოზიციაში, თუ არა. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება. ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ქვეყნისთვის ბევრად მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში, ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ არჩევნებში მოგებული წაგებულად გამოაცხადოს, ამ მანიპულაციების, დაშინების, ზეწოლისა და მანიპულაციების შედეგად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, სამწუხაროა, როცა პარტიის თამჯდომარე, შეუთანხმებლად, ასეთ განცხადებას აკეთებს.

“სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე“, - წერს ხატია დეკანოიძე “ფეისბუქის“ გვერდზე.

მკაცრი აღმოჩნა, პარტიის ახალი სახის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებაც და ის ამბობს, რომ თუ განცხადება მართალი აღმოჩნდება და გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიუფურთხებია პარტიისთვის.

“რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის“ გვერდზე.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი.