სააკაშვილის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეთანხმება

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადების განმარტებას ეთანხმება.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!" - წერს სააკაშვილი.

"ენმ - ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განმარტავს განცხადებას, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდებს.

"დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ფეისბუქში" პოლიტიკოსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

განმარტებამდე ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

მის ამ განცხადებას, ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.