საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას ,,პირველი არხი" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ანგარიშში მიმოხილულია როგორც საგარეო ურთიერთობების - NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის, კონფლიქტების მოგვარების, პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარება, ისევე, როგორც მისი კულტურული და ისტორიული მისია, უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, აქტიურად მუშაობს თითოეული სექტორისა და დარგის მოდერნიზებასა და რეფორმაზე.
„ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში.
გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები - მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის - საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება.
მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს რეფორმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. გრძელდება რეფორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით.
„დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის კვალდაკვალ, ყალიბდება და ძლიერდება ინსტიტუციური მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.
პრემიერის ანგარიშის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს 16 მეკავშირე ოფიცერი, რომელიც ფარავს 24 ქვეყანას. ასევე, პოლიციის ატაშეები წარმოდგენილნი არიან ევროპოლსა და NATO-ში. შედეგად, ყოველწლიურად იზრდება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ოპერატიული ინფორმაციის მიმოცვლა.
2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩართვლით პერიოდს მოიცავს და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის შეთანხმებების ფარგლებში 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 მაისამდე განხილულ იქნა განაცხადი 2 358 პირზე. აქედან, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2340 პირზე, ხოლო უარყოფითი – 18-ზე.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის, მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვის მიზნით, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებულ იქნა „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. დამტკიცებული წესის მიზანია ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფა. წესი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიმართ საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცედურას, ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ყველა პროგრამის გათვალისწინებით, 398 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულ რიცხვს წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ძალისხმევითა და არაფორმალური არხების გამოყენებით, მოხერხდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 1 000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი თანმხლები პირების ორგანიზებულად გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. ამ კუთხით, გრძელდება არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის გამოყენება, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობის ჩათვლით, არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად. საკმაოდ ნაყოფიერი კომუნიკაცია მიმდინარეობდა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 58 ახალ პროექტზე, რომელთა 60% მოიცავდა ნდობის აღდგენის აქტივობებს გაყოფილ საზოგადოებებს შორის. საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან აბიტურიენტებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვლა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, ყველა აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში”, – ნათქვამია ანგარიშში.