„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სახელით, ამ დრომდე გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა გასულ შემოდგომაზეც, როდესაც აქ სახელმწიფო მდივანი პომპეო იმყოფებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. თავდაპირველად ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, თუმცა კოვიდით გამოწვეული სიტუაციის გამო მოგვიწია მისი გადადება, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ამ კუთხით უკეთესდება.
ამ პრესკონფერენციის შემდეგ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ შეხვედრებს საქართველოში. მივემგზავრები ბაქოსა და ერევანში და იქიდან კვლავ უკან დავბრუნდები საქართველოში გარკვეული პერიოდით.
მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, რომ მაქვს პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება გვიწევს, ამ მნიშვნელოვან და დინამურ დროს საქართველოსთვის.
ჩემი ვიზიტის გზავნილი არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიული ქვეყნისა. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებს", - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია
ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო