ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას - ხვალ ერევანში აქცია გაიმართება

11 ნოემბერს, ერევანში, თავისუფლების მოედანზე 17 პარტია აქციას გამართავს. ამის შესახებ მათი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ძვირფასო თანამოქალაქენო, სამწუხაროდ, გუშინ ჩვენს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა. ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც საკუთარი სისხლით იცავენ ფრონტზე მიწასა და სახელმწიფოებრიობას და ყველა ჩვენგანის ზურგს უკან ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ამ მომენტისთვის უკიდურესად აუცილებელია ჩვენი ერთიანობა, შიდა არეულობისა და პროვოკაციების გამორიცხვა. ხვალ, 11 ნოემბერს, 13:00 საათზე ყველას ვიწვევთ მიტინგზე თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი იქნება რთული სიტუაციიდან გამოსავლის გზები“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხეთის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავი შეიკაონ.

„მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზების, ჩატარების და მასში მონაწილეობისგან.

27 სექტემბრიდან სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის თანახმად აიკრძალა შეხვედრების ორგანიზება, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და მონაწილეობა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.