7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. როგორც ცნობილია, 32-კაციანი ფრაქციიდან სხდომათა დარბაზში სიტყვით ნიკა მელია გამოვა.
დეპუტატებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სხდომათა დარბაზში შევლენ და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვებიან.
„პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ დღესაც, ხვალაც... პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ისეთი საინტერესო პერიოდი არ გქონიათ, რაც წინ გელოდებათ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" დღის წესრიგით არ მიდიან პარლამენტში და აქვთ საკუთარი სტრატეგია.
„ვაპირებთ დღეს სხდომათა დარბაზში შესვლას, ჩვენი კოლეგები მოდიან. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს. წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შემდეგ შევალთ დარბაზში. ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენ ვართ ძალიან დიდი ოპოზიციური ძალა. დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. ამნისტიის კანონპროექტის გადადება გულისხმობს იმას, რომ მათ შეეშინდათ სხდომათა დარბაზში ჩვენი შესვლის. საპარლამენტო მანდატებს 32 ადამიანი ავამოქმედებთ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ თვითმმართველობის არჩევნების დროს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩამოცილდეს ხელისუფლებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ნატო ჩხეიძის განცხადებით, ისინი დღესვე ჩავერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია ჯერ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.