დავით ზალკალიანი: NATO-ს სამიტზე არც ერთი პარტნიორი ქვეყანა არ არის მიწვეული, ვერ მივიღებ შენიშვნას, თითქოს ჩვენ რაიმე დავაკელით

საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ღონისძიება არის ხანმოკლე, ორსაათნახევრიანი ფორმატის და პარტნიორი ქვეყნების დასწრებას არ ითვალისწინებს. მისი თქმით, წმინდა წყლის სპეკულაციაა ოპოზიციის ბრალდება, რომ საქართველო სამიტში დიპლომატიური უწყების უმოქმედობის გამო არ მონაწილეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადებულ ინტერპარტიულ განცხადებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს უწოდებს

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ სამიტზე შესაბამისად აისახება ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიმართულებით.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც ერთი პარტნიორი ქვეყანა ამ მოკლე სამიტზე არ არის მიწვეული. ვერაფრით მივიღებ შენიშვნას, თითქოს ჩვენ რაიმე დავაკელით. ეს არის თავიდანვე განსაზღვრული მოკლე სამიტი, მოსამზადებელი შემდგომი დიდი სამიტისთვის. მთავარი მაქსიმალური მიზანი, რაც არის ამ სამიტთან მიმართებით, იყო იმ პროგრესის ასახვა, რომელიც ქვეყანას აქვს და ეს მიზანი მიღწეულია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.