ჯო ბაიდენი ევროპულ ტურს იწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში მის პირველ ევროპულ ტურს იწყებს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ჯერ გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტისას ის დედოფალ ელიზაბეთ II-ს შეხვდება. ბაიდენი იქნება შტატების მე-13 პრეზიდენტი, რომელთანაც დედოფალი შეხვედრას გამართავს.

ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერი ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შესახვედრად გაემგზავრება.

ბრიუსელის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ევროპაში მოგზაურობა მიანიშნებს იმაზე, რომ მულტილატერალიზმი გადაურჩა ტრამპის პერიოდს და ეს შექმნის ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის საფუძველს ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ამერიკა დაბრუნდა”, - განაცხადა შარლ მიშელმა. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ ძალიან ძლიერი პარტნიორი გვყავს, რაც უზრუნველყოფს მრავალმხრივ მიდგომებს ... დიდი განსხვავებაა ტრამპის ადმინისტრაციასთან”, - განუცხადა მიშელმა ჟურნალისტებს.