დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დასაშვებია აცრისას მსურველმა სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა გაიკეთოს, მაგრამ რეკომენდებულია, რომ 2 დოზით აცრისას მაინც ერთი და იგივე ვაქინა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მან ვებინარზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინების შერევის პრეცედენტი უკვე დაუშვა.
"როცა საჭირო გახდება მესამე დოზით აცრა, მაშინ თავისუფლად შესაძლებელია იყოს სხვა [ვაქცინა]. ისე როგორც გრიპის ვირუსზე ვაკეთებთ, 1 წელიწადში შეიძლება ვიყოთ აცრილები ერთი ვაქცინით, მეორე წელს სხვა მწარმოებლის ვაქცინით. აქაც შეეძლებათ, ვინც ორჯერ აცრილია AstraZeneca-თი, მერე აიცრას Pfizer-ით ან Sinovac- ით ან Sinopharm-ით. ვინც ორჯერ აცრილია Sinopharm-ით, მერე აიცრას Pfizer-ით ან AstraZeneca-თი, 8 თვის შემდეგ, ეს, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, მეორე დოზით აცრის შემთხვევაშიც შესაძლებელია იგივე, თუმცა კვლევები კიდევ მიმდინარეობს.
"ესეც პრინციპში დასაშვებია თეორიულად და პრაქტიკულადაც. მაგრამ ჯერჯერობით რეკომენდაციაა - თუ ერთით ხართ აცრილი, იგივე გაიკეთეთ. მაგრამ თუ გინდათ და აუცილებლობაა, შესაძლებელია. მაგალითად, AstraZeneca-ს გაკეთება უფრო მეტად რეკომენდებულია 8-12 კვირის შემდეგ და გეჩქარებათ, რომ მეორე დოზა გაიკეთოთ, შესაძლებელია - ან Pfizer-ი, ან Sinovac-ი ან Sinopharm-ი. ამაში დიდ პრობლემას მე პირადად ვერ ვხედავ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ საქართველოს მოქალაქეს ერთხელ აცრის შემდეგ სურს მეორე დოზით სხვა ვაქცინით აცრა, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში უნდა დაწეროს, ხოლო შესაბამის ნებართვას მსჯელობის შემდეგ ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტი გასცემს.