ვარლამ გოლეთიანი მთავრობას: 100-წლიანი ხელშეკრულების 49-ად გადაკეთება პრობლემას ვერ გადაჭრის

"რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებებებს გამოეხმაურა.

გოლეთიანის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდში საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ აქვთ.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, პრემიერისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო ნათია თურნავა მას არ ეთანხმება.

გარდა ამისა, რიონი ხეობის მცველი მიიჩნევს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებების გასამართად მისვლამდე მთავრობის წევრები იმ ადამიანებთან უნდა მისულიყვნენ, ვინც ეს პრობლემა დააყენა.

"საკითხს დაარქვეს პრობლემური, თუმცა მათ, ვინც ეს პრობლემა დავსვით და საკითხი პრობლემად წარმოვაჩინეთ, მათ არ გვესაუბრებიან. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ პროექტში 100 წელს 49 წლად გადააკეთებენ და მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, არასწორი მიდგომაა. მთავრობა ჯერ ჩვენ უნდა შეგვხვედროდა", - განაცხადა გოლეთიანმა.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 12-თვიანი მორატორიუმი გამოცხადდა და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროექტის გაუმჯობესებისთვის.

"ამ მიზნით ექსპერტები უკვე მუშაობენ - 15-მდე სხვადასხვა ექსპერტულმა ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც გვქონდა ერთი თვის წინ გამოქვეყნებული. ველოდებით მათ უკუკავშირს, თუ რა აღმოაჩინეს კვლევებში, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო", - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ასევე მიდის მუშაობა ინვესტორთან, რათა მოხდეს პირობების გაუმჯობესება და პირველ რიგში, ეს უკავშირდება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწის იჯარის ვადას - 99 წლით გადაცემას ეხება.

"მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება", - განაცხადა თურნავამ.

ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტი, არსებული პირობებით აღარ გაგრძელდება.