დონალდ ტრამპი ქვეყნებს Twitter-ისა და Facebook-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, ნიგერიის მაგალითს მიბაძონ და სოციალური ქსელები Twitter და Facebook აკრძალონ.

მისი თქმით, Twitter-ი და Facebook-ი თავისუფლად და ღიად საუბრის საშუალებას არ იძლევა.

"ვულოცავ ნიგერიას, რომელმაც უბრალოდ Twitter-ი აკრძალა, რადგან მათ ნიგერიის პრეზიდენტი დაბლოკეს. უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი, რადგან ისინი თავისუფლად და ღიად საუბრის საშუალებას არ იძლევა - ყველა ხმა უნდა გაჟღერდეს. ვინ არიან ისინი, რომ გვიკარნახონ სიკეთე და ბოროტება, თუ თავად არიან ბოროტები? ალბათ, ეს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა, თეთრ სახლში მოდიოდა სადილზე და მეუბნებოდა, თუ როგორი კარგი ვიყავი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსნებთ, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.

თუმცა, Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება შეცვალა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს.