„ლიეტუვა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების არამხოლოდ აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს და ამ კონტექსტში ლიეტუვა არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო“, - განაცხადა ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ Europetime-თან ინტერვიუში.
„მისასალმებელია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები მეტ-ნაკლებად დაწყნარდა და საშუალება გვაქვს, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, გარდა იმ პოლარიზაციისა, რომელიც არსებობდა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არსებობს თემები, რომლის გამოც, ყველა ვალდებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანები იყოს წინ წამოწეული, განხორციელებული, ქვეყნის უსაფრთხოება დაცული და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი არაფერმა შეუშალოს“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და მისი მეუღლე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა.