აშშ გმობს რუსეთის სასამართლოს მიერ ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების "ექსტრემისტულ" ორგანიზაციებად გამოცხადებას

აშშ გმობს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყებტილებას, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სამი ორგანიზაციის „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებად გამოცხადებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების შედეგად ორგანიზაციის წევრებს, მოხალისეებს და ათასობით მხარდამჭერს რუსეთის მასშტაბით ემუქრება სისხლისსამართლებრივი დევნა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე დგანან.

სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯით რუსეთმა კანონგარეშედ გამოაცხადა ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე რეპრესიების გაფართოებაზე მიანიშნებს. თავად ბატონი ნავალნი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, იგი ციხეში იმყოფება პოლიტიკურად შეთხზული მიზეზების გამო. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს არაძალადობრივი ორგანიზაციების ექსტრემისტებად გამოცხადება, რეპრესიები ალექსეი ნავალნის და მისი მომხრეების წინააღმდეგ და შეასრულოს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულ" და არაკანონიერ ორგანიზაციებად გამოაცხადა