რაზეა დამოკიდებული საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის დაწყება? - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა და რა განაპირობებს მას.

როგორც ზახაშვილმა ,,რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ქვეყანაში მეოთხე ტალღის დაწყება დიდწილად დამოკიდებული იქნება არა შტამების ცირკულირებაზე, არამედ იმაზე თუ რა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გაატარებენ.

,,ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ შტამების ცირკულაციაზე, დღეისთვის რა მონაცემიც არსებობს, როგორც ცნობილია, მუტირებული ვერსია ცირკულირებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ქვეყანში გამოვლინდება ახალი ვარიანტი, მით უფრო მაღალი არის ქვეყნის რისკი, რომ ახალი ვარიანტის მასიური შემოსვლა მოხდეს ქვეყნის შიგნით, რაც დაკავშირებული იქნება შემდგომი შემთხვევების მატებასთან.

მართალია, გავრცელების ტემპი დელტა ვარიანტს აქვს უფრო მაღალი, მაგრამ ჯერჯერობით ისიც ფაქტია, რომ მრავალ ქვეყანაში, სადაც ალფა ვერსია ცირკულირებს, მისი ჩანაცვლება დელტამ ვერ შეძლო , ეს გვაქვს ერთგვარ საიმედოდ, შესაძლებელია ეს პროცესი რამდენადმე გახანგრძლივდეს, თუმცა ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვუყურებთ სიტუაციას.

ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოცირკულირე ვარიანტების არსებობაზე ქვეყანაში, ბევრად არის დამოკიდებული პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც დავახვედრებთ ამ მოცირკულირე ვარიანტებს.

ჩვენ რაც შეგვიძლია დავახვედროთ ამ ვარიანტებს, პირველ რიგში ეს არის სრული ვაქცინაცია და ყველა შემაკავებელი ღონიძისძიებების დაცვა, როგორიცაა - ნიღბის ტარება, დისტანცია, ჰიგიენა", - განაცხადა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯერჯერობით საქართველოში ვირუსის სხვა ახალი ვარიანტები არ დაფიქსირებულა და ცენტრი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.

,,ამ მხრივ სიახლე არ გვაქვს, მაგრამ მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, რომ ნებისმიერ მეტ-ნაკლებად საეჭვო შემთხვევაში, ჩვენს ცენტრში მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი ახალი მოცირკულირე შტამების შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით განახლება არაფერი გვაქვს, მდგომარეობა იდენტურია.

ახალი ვირუსის ცირკულაცია ქვეყნის ტერიტორიაზე ჯერ რეგისტრირებული არ არის", - ამბობს ზახაშვილი.

ცნობითვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღის გავრცელების საფრთხე ზაფხულის ბოლოს იქნება.