პენტაგონის განცხადებით, უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 150 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ პაკეტს გამოუყოფენ.
როგორც თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს "ახალი 150 მილიონიან პაკეტი მოიცავს ტრენინგებს, აღჭურვილობასა და საკონსულტაციო ძალისხმევას, რათა დაეხმაროს უკრაინის ძალებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში, საზღვრების დაცვაში და NATO-სთან ურთიერთქმედების გაუმჯობესებაში".
დახმარების პაკეტი მოიცავს კონტრსაარტილერიო რადარს, ელექტრონულ საბრძოლო მოწყობილობას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებებს, სამხედრო სამედიცინო ევაკუაციის აღჭურვილობას.
დახმარების ამ ახალი პაკეტის გარდა პენტაგონმა მარტში განაცხადა, რომ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. რომელშიც შედიოდა Mark VI ტიპის საპატრულო კატარღები, საარტილერიო ცეცხლის წყაროების გამოსავლენად საჭირო რადარები, თანამგზავრული ფოტოების მიღების და დამუშავების აპარატურა, ტაქტიკური დანიშნულების საბრძოლო ტექნიკა და საველე, სამედიცინო აღჭურვილობა.
პენტაგონის განმარტებით, აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს გააძლიეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა, კონტროლი და სიტუაციური ინფორმირებულობა.
"2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $ 2.5 მილიარდზე მეტი დახმარება გამოუყო უსაფრთხოების სფეროში და გააგრძელებს თავდაცვის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას, მათ შორის თავდაცვითი ლეტალური დახმარების გაწევით", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-მა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა