ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

„მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი”, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, რომელიც საზოგადოებასა და გარკვეულ ჯგუფებს აწუხებს. მზად ვართ, ეს საკითხები დეტალურად განვიხილოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ჰესი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დასაყრდენი იქნება.

„ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ გვინდა, რომ ეს ყველა დაინტერესებულმა მხარემ ნახოს. რაც შეეხება ხელშეკრულებას და იმ ნაწილს, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

დღეს, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას გამართავს.

„რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა.

მისივე თქმით, უნდა დაკმაყოფილდეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ყველა მინიმალური პირობა, რათა დიალოგისთვის სივრცე შეიქმნას.

„დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანი, რომ დავაყენოთ მხარეებმა ჩვენი პოზიციები და შემდეგ განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელება, ანუ მედიაციის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიციები ვთქვათ.

დღის წესრიგით რაცაა გაწერილი, დღევანდელი დღე არ არის მედიაცია. არ იწყება შინაარსობრივი საუბარი საკითხებზე, უბრალოდ დავაყენებთ საკითხებს და ვნახავთ, რამდენად შექმნის ეს იმის წინაპირობას, რომ უშუალოდ მედიაციის პროცესი დავიწყოთ, რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს, რამდენად იქნება თანხვედრაში.

ჩვენ ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ქუთაისში გაიმართა პრემიერის წარმომადგენლებთან, იქაც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. ამის შემდეგ შევიდოდით მათთან შინაარსობრივ საუბარში და გაიწერებოდა კალენდარი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებდით. ეს პირობაც არაა, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ”,- განაცხადა გოლეთიანმა.