საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ენტონი ბლინკენის მითითებით, ჰქონდა დავალება, მომდევნო დღეებში მიეღწია გარღვევისთვის ტყვეებთან დაკავშირებით“.
„ჩვენ თუ მზად ვიქნებოდით თანამშრომლობისთვის, ისინი საკითხში ჩასართავად მზად იყვნენ. მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავით. შესაბამისად, დღეს განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირელი პარტნიორების წყალობით, 15 დატყვევებული სომხეთში ბრუნდება. ისინი საქართველოში აზერბაიჯანიდან „წითელი ხიდის“ გავლით შევიდნენ, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე უკვე „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტით შემოვიდნენ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რუკებს ტყვეებში არ ვცვლით, მაგრამ ჩვენ ნაბიჯს ნაბიჯითვე ვუპასუხეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღდამის რეგიონში 97 000 ანტისატანკო და ანტისანაღმო რუკების აზერბაიჯანისადმი გადაცემის სანაცვლოდ, 15 დაკავებული სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გადაეცა სომხეთს, საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით.
„ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში. აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) შვედეთის თავმჯდომარეობას. ნაღმების რუკების მიღება ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს, და იმავდროულად დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას”, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.