რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ, 12 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მოლაპარაკებების დროს, რომელიც სოჭში გაიმართება, იგეგმება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მდგომარეობისა და პერსპექტივის განხილვა, განიხილება ასევე რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობა და საკითხები, რომლებიც შეეხება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო-პოლიტიკურ კოორდინაციასა და ურთიერთქმედებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტით ოქტომბრის ბოლოდან იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავდა.
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, დმიტრი კოზაკოვს შეხვდა.