რატომ მოიმატა კოვიდინფიცირების შემთხვევებმა და რა განსხვავებაა პირველსა და მეორე ტალღას შორის იტალიის მაგალითზე

ბოლო პერიოდში და მათ შორის იტალიაშიც მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა. სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, რატომ იყო გაცილებით დიდი განგაში ატეხილი გაზაფხულზე, მაშინ როდესაც კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევები ნაკლები იყო, ვიდრე ახლა, როდესაც დაინფიცირების შემთხვევები მთელ რიგ ქვეყნებში თითქმის გაათმაგებულია.

შევხედოთ პრობლემას სხვა ჭრილში და განვიხილოთ გაზაფხულზე არსებული და ახლანდელი მდგომარეობა, ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყნის იტალიის და ყველაზე დაზარალებული რეგიონის, ლომბარდიის მაგალითზე;

იტალია 6 ნოემბრიდან, ოთხ ზონად დაიყო: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი. ლომბარდია, პიემონტის, ვალე დაოსტას და კალაბრიასთან ერთად, ისევ წითელ ზონაში მოხვდა და იგივე შეზღუდვები ვრცელდება, რაც მარტში იტალიაში საყოველთაო კარანტინის დროს დაწესდა.

ეს კი, იმას ნიშნავს - გარდა იმისა, რომ გაუქმებულია ყველანაირი აქტივობა, დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კვების ობიექტები, მოსახლეობას ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებაც ეზღუდება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. შეზღუდვები დღე-ღამის ყველა მონაკვეთზე ვრცელდება და ამ ეტაპზე 4 დეკემბრამდეა გათვლილი.

როგორც რეგიონული გამოცემა „კურიერის“ სტატიაშია აღწერილი, დღესდღეობით, ლომბარდიაში, დღეში დაახლოებით 30 ათასი ტესტი ტარდება და დაინფიცირების საშუალოდ 7-8 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ხოლო 4 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს, მთლიანად რეგიონში სულ 4200 დაინფიცირებული აღირიცხა, რომელთაგან 2017 საავადმყოფოებში მკურნალობდა, ხოლო 400-მდე - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იმ დღეს გარდაცვალების 267 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს, იმპერიოდისთვის დამანგრეველი ტალღა იყო, რადგან ვირუსი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისე ვრცელდებოდა, რომ ამის შესახებ არავის ინფორმაცია არ ჰქონდა.

სწორედ ამიტომაა საჭირო პირველ და მეორე ტალღის შედარება, რომ მეტნაკლებად გავაანალიზოთ რა შეიძლება მოხდეს “ხვალ“ და რაზე ღირს ყურადღებისგამახვილება.ამ ორ პერიოდში დაფიქსირებული დაინფიცირებულთა რაოდენობის პირდაპირ, მშრალად შედარება, აზრს არის მოკლებული, რადგან ეპიდემიის აფეთქებისას, ძალიან ცოტა ტესტი ტარდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ანალიზს მხოლოდ მას უღებდნენ, ვისაც მწვავედ გამოხატული სიმპტომები ჰქონდა. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ შედარებას, ვირუსის ორ ტალღას შორის... თებერვალ-მარტის პერიოდს თუ ავიღებთ და მიმდინარე პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები ექვსჯერ ნაკლებია, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა, განახევრებული.

უფრო კონკრეტულად კი, ორიენტაციისათვის აღებულია 35-დღიანი პერიოდი, 24 თებერვლიდან, ანუ დღიდან როდესაც უკვე ვირუსის ფაქტი იტალიის ტერიტორიაზე ოფიციალურად დადასტურდა, 29 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში ვირუსით ლომბარდიაში 6360 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ტალღის 35-დღიან პერიოდს, რომლის ათვლაც პირველი ოქტომბრიდან უნდა დავიწყოთ და ახალი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ანუ 5 ნოემბრამდე განვიხილოთ, ამ პერიოდში, აღნიშნულ რეგიონში, ვირუსით 893 პაციენტი დაიღუპა.

ანუ პირველი ტალღის დროს გარდაცვლილთა რაოდენობის მეექვსედი. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მიზეზის გათალისწინებით ვირუსი მარტთან შედარებით, შესუსტებულია. ამ დასკვნის სისწორეს, კიდევ ერთი მაგალითი გვიჩვენებს. პირველი ტალღის 35 დღიანი მონაკვეთის პირველი დღიდან ბოლო დღემდე, საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა 77-დან 11.613-მდე, ხოლო მეორე ტალღას თუ გავითვალისწინებთ, რიცხვი 333-დან 5018-მდე გაიზარდა, რაც პირველი ტალღის მონაცემების ნახევარზე ნაკლებია. იგივე შეიძლება ითქვას, ინტენსიური თერაპიის პაციენტებზე. თუ პირველი ტალღის ზემოთაღნიშნული პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1328 იყო, მეორე ტალღის ანალიზისას ეს რიცხვი 507-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მარტთანშედარებით, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობა სამმაგია, მათი მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია. ვიდრე ადგილები ამის საშუალებას იძლევა, მსუბუქი პაციენტებიც გადაჰყავთ საავადმყოფოებში. ამასთანავე, გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა, ამ ეტაპზე, 80 პროცენტს აჭარბებს, რაც მარტის მონაცემებით, 60 პროცენტი იყო.

ვირუსი ამჟამად ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჩატარებული ტესტების დაახლოებით 20 პროცენტი დადებითია, რაც მოსახლეობის 5 პროცენტს უდრის, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაინფიცირებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა მსუბუქი, ან სრულიადუსიმპტომოა.პ.ს. თუმცა გასათვალისწინებელია ეპიდემიოლოგ ვეკიას მოსაზრებაც, რომ არსებობს კიდევ ერთი, არც თუ პოზიტიური ვარაუდი პირველი და მეორე ტალღების შედარებისას, ანუ ოქტომბერი პირველი ტალღის არა მარტის, არამედ თებერვლის თვედ უნდა განვიხილოთ, რომლის მონაცემებიც ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან მაშინ ვირუსი თავისუფლად ვრცელდებოდა. ეს თეორია, ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს.

და მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ვირუსი დაინფიცირებულთა უმრავლესობას მსუბუქ ფორმებში, ან სრულიად უსიმპტომოდ გადააქვთ და გამოხატული სიმპტომების დროსაც, პაციენტთა მკურნალობა და მდგომარეობიდან გამოყვანა, შედარებით უფრო მარტივად დასწრაფად ხდება?

პირველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა, ხოლო ჩვენ, იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ. რაც შეეხება მეორე შემთვევას - ექიმებმა სიმპტომების მართვა ისწავლეს. კონკრეტულად იტალიაში, თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას და მკურნალობის სპეციფიკურ მეთოდს იყენებენ, თანმდევი დაავადებებისა და რისკ-კატეგორიის ფაქტორის გათვალისწინებით. ასეთმა მიდგომამ, თუ ინტენსიური თერაპიის პაციენტთა და გარდაცვალების შემთხვევების ზემოთ მოყვანილ მონაცემებს გავითვალისწინებთ, აშკარა შედეგი მოიტანა. ასევე, მოსახლეობამ ისწავლა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება და დაცვა, რასაც ეპიდემიოლოგები ურჩევენ. მთავარი რეკომენდაცია და „წამალიც“ ამ ეტაპზე მაინც რჩება სოციალური დისტანცია, მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და პირბადის ტარება.

ნინა მამუკაძე სპეციალურად იტლიიდან „ევროპათაიმისთვის“