17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33,5%-ია

4 ოქტომბრის 17:00 საათისთვის ხმა მისცა 1 175 817-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 33,5%-ია.

წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 17:00 საათისთვის აქტივობა 41,35% იყო.


4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.


პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს.


კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრას ოპოზიციური პარტიების ნაწილმა [„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“] ბოიკოტი გამოუცხადა. გამონაკლისია ძლიერი საქართველო-ლელომ, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი.“


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიიწვია. ეუთო ODIHR-მა ივნისში განაცხადა, რომ ის, როგორც წესი, კენჭისყრაზე სადამკვირვებლოდ, თხოვნებს არჩევნებამდე 4-6 თვით ადრე იღებს. 


ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებს უკვე წლებია, აკვირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ორგანიზაცია სადამკვირვებლო ფუნქციას 2006 წლიდან ასრულებს – გამონაკლისი 2014 წელი იყო, როცა ეუთო/ოდირმა მისია ვერ გამოგზავნა „ფინანსური მიზეზების“ გამო. 


30-წლიანი არსებობის განმავლობაში, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არ დააკვირდება არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით. მათ მსგავსად, პროცესს გამოეთიშნენ 31-წლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და 25-წლიანი გამოცდილების მქონე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.“


ეს ორგანიზაციები მიზეზად ასახელებენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ჩარჩოს. ISFED-სა და TI-სთვის კი, დამატებითი მიზეზი არის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. მათ წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეზე. 2012 წლის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნოდ მედიაკონტენტის მონიტორინგს არ განახორციელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.


ცესკოს თანახმად, 4 ოქტომბრის კენჭისყრას დააკვირდება 29 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორის არიან დამკვირვებლები იორდანიიდან, ტუნისიდან, მალდივებიდან, ეთიოპიიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც. ადგილობრივი ორგანიზაციების რიცხვი კი, 23-ია. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს. 


არჩევნების წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათში გახდება ცნობილი.