ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, მეტრო შეფერხებით მუშაობდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

კომპანიის ცნობით, 14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.

შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა. ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს.

15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.