აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ის კრიტერიუმებს.
მისივე თქმით, აშშ გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინამ შეძლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ფიზიკურ აგრესიას.
„ ფაქტია, რომ სხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად. ამავდროულად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინა იმ მდგომარეობაში იყოს, რომ რუსეთის ფიზიკური აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოს. მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი. ეს ალიანსის წევრებზეა დამოკიდებული. უკრაინამ უნდა დაარწმუნოს ალიანსი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ სამიტზე მოკავშირეებმა დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან სურს მოისმინოს მკაფიო „დიახ“ ან „არა“.
14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართა, სადაც სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა უკრაინა და საქართველო იყო.