პუტინის განცხადებები ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრისას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთნდობის საკითხში „იმედის ნაპერწკალი“ დაინახა. პუტინმა ჯო ბაიდენს გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე უწოდა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი ძალიან განსხვავდება მისი წინამორბედისგან.

„დეტალურად ვისაუბრეთ ორი საათის განმავლობაში და ასეთი რამ ბევრი პოლიტიკოსის შემთხვევაში არ ხდება“, - განაცხადა პუტინმა.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისაუბრა ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის დღევანდელ გამარჯვებაზე და ჰკითხა პუტინს, ვინ მოიგო სამიტი.

მან უპასუხა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან გულრწფელი საუბარი ჰქონდა. „ეს არ არის შეჯიბრი, კონსტრუქციული შეხვედრა იყო“, - დაამატა პუტინმა.

„ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი იყოს აშშ“, - პუტინი აშკარად გააღიზიანა ABC News- ის ჟურნალისტის შეკითხვამ, თუ რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ოპონენტები კვდებიან ან ციხეში არიან და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პუტინს არ სურს პოლიტიკური ბრძოლა?

BBC წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამის საპასუხოდ „ცეცხლი გახსნა“ და აშშ-ის კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე მიუთითა. აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს ამგვარი „ქაოსი“ მის საზღვრებში.

„საერთო ჯამში, აშშ-მა და რუსეთმა იციან საკუთარი წითელი ხაზები“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა განაცხადა, რომ სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია.

„არ ვთვლი, რომ რუსეთის ქცევა არაპროგნოზირებადია. ჩემი მოსაზრებით, რუსეთი აბსოლუტურად ადეკვატურად იქცევა იმ საფრთხეებზე საპასუხოდ, რომლებიც ჩვენ წინაშე ჩნდება. ვფიქრობ, იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს ნამდვილად სტაბილური, აუცილებელია შეთანხმება ქცევის წესებზე. მათ შორის, სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოების, რეგიონული კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე შეთანხმება შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა შეხვედრის შემდეგ“.

ალექსენი ნავალნიზე საუბრისას თქვა, რომ მან იცოდა, რომ კანონს არღვევდა და დააკავებდნენ, თუმცა ამ მოქალაქეს სურდა, დაეკავებინათ. პუტინმა ნავალნი სახელით ისევ არ მოიხსენია.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ბირთვული სახელმწიფოები არიან.

„უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს ბაიდენთან გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია“, - ასეთი კომენტარი გააკეთა მან უკრაინასთან დაკავშირებით.

საერთო ჯამში, შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.

„ბევრ საკითხზე შეფასებები განსხვავდება, თუმცა ორივე მხრიდან ნაჩვენები იყო ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი. მიმაჩნია, რომ არანაირი მტრობა არ ყოფილა. ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობდა პრინციპულად. ბევრ საკითხზე ჩვენი შეფასებები განსხვავდება, თუმცა ორივე მხრიდან ნაჩვენები იყო ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი. საუბარი იყო საკმაოდ კონსტრუქციული“.

პუტინის პრესკონფერენციიდან ერთი ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი: როგორც პუტინმა თქვა, აშშ-ისა და რუსეთის ელჩები თავიანთ პოსტებზე დაბრუნდებიან.

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა

რა საკითხები შეიძლება წამოჭრას დღის წესრიგის მიღმა აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე