„პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა.
ჯო ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე ეცდებიან საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება.
„აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში მრავალი საკითხი დაგროვდა, რომელიც საჭიროებს უმაღლესი დონის შეხვედრას და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე.
შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებიან.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის.
ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.
ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო.
აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს.
აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს „სტაბილური და პროგნოზირებადი“ ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება.
NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა „უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“.
ამერიკის ადმინისტრაციაში ჯო ბაიდენი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების საკმაოდ მძიმე გაუარესების ფონზე მივიდა. აშშ უკვე პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვი ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში ერეოდაა. ამასთან, ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ღიად საუბრობდა, რომ რუსეთის ფედერაცია აშშ-სთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რუსული და ჩინური საფრთხეები ერთ სიბრტყეში განიხილებოდა. ბაიდენმა ისიც აღნიშნა რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პუტინის ტირანიისგან რუსი ხალხის დახსნა იქნება.
რუსეთის ჯერ კიდევ 2015 წლის უსაფრთხოების დოკუმენტებში, რომლებიც ახლაც ძალაშია, ამერიკა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველ გამოწვევად მოიაზრება.
„რუსეთი ბოლო პერიოდში სიხისტით გამოირჩევა, რადგან თუნდაც ყარაბაღის ომით, ჯერ კიდევ ობამას ადმინისტაციის დროს, სირიაში თავისი ყოფნის დაფიქსირებით და უკრაინის მიმართულებით საკმაოდ მძიმე და კრიზისული ვითარების შექმნით ერთგვარი უპირატესობა მიიღო. შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან კომპრომისს რუსული მხარისგან არ უნდა ველოდოთ, ისევე როგორც ამერიკული მხარისგან არ უნდა ველოდოთ სერიოზულ დათმობას, რადგან ამერიკის არამხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯი, არამედ ამერიკა როგორც ღირსეული მოკავშირეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - აცხადებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი გიორგი გობრონიძე Europetime-თან ინტერვიუში.
„საკმაოდ რთული და მძიმე მოლაპარაკებები იქნება წინ. ამას ემატება ცალკეული საკითხები, როგორიცაა, პოზიციები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, რუსეთის პოზიციები პოსტ საბჭოთა რეგიონში, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს უკრაინის კრიზისსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე. ასევე უნდა აღინიშნოს ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაძაბულობა და თვითონ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესები და ნავალნის პატიმრობა. ასე რომ, თემები არის საკმაოდ მძიმე და რთული. ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი ამ შეხვედრიდან რაც შეიძლება იყოს - კი ბატონო შევჯერდეთ საკითხებზე, რაზეც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და ჩვენი ინტერესები არ მოდის წინააღმდეგობაში, მაგალითად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და გლობალური თემები, რომლებიც შეიძლებას ითქვას, რომ წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო მასშტაბის გამოწვევას, თუმცა იმავდროულად გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა პროგნოზირებადი იქ, სადაც გვაქვს ინტერესთა კვეთა, კონფლიქტი და ღიად დავაფიქსიროთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაში ვერ ვთანხმდებით და სად ვერ ვხედავთ ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმებს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.
რიგი ექსპერტებისა და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნებისა, შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვას არ ელის, თუმცა აუდიენციას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უძღოდა წინ. კერძოდ, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. ამასთან დაკავშირებით საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.
ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება.
აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში გუშინ გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა.
„ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებდა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, რათა გაუგზავნონ მოსკოვს მკაფიო გზავნილი, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავლის ინვესტირებას ახდენს. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული „მთავრობები“ არეულობას ქმნიან საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერდა დავით ბაქრაძე სტატიაში.
დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება.
„კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. ახლახან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები იმყოფებიან“, - წერდა ბაქრაძე.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-რუსეთს შორის აზრთასხვადასხვაობის თემაა საქართველო, გიორგი გობრონიძეს ნაკლები მოლოდინი აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემადგენელი კომპონენტიც არის, ისაუბრებენ თუ არა საქართველოს საკითხზე ბაიდენი და პუტინი, ბევრი რამ კი, მისივე აზრით, ქართულ დიპლომატიაზე და ქართული სახელმწიფოს ქცევაზეა დამოკიდებული.
„თუ აშშ განაგრძობს სტრატეგიულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის თუ პოსტსაბჭოთა რეგიონის სახელმწიფოებთან, აუცილებად დადგება მომენტი, სადაც უნდა გაკეთდეს საბოლოო არჩევანი, ამ თანამშრომლობას მიჰყვება ის ბოლომდე და დაიცავს მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც, თუ უკან იხევს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ მთელი მისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელზეც საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს, სერიოზული ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ბაიდენი არ განეკუთვნება „სოფთ ლაინერების“ ფრთას ამერიკულ პოლიტიკაში, ის არის ერთგვარი „ჰარდ ლაინერი“, „პოლიტიკური ქორი“, რომელსაც ექნება საკმაოდ მძიმე პოზიცია რუსეთისთვის და ეს არ იქნება რუსეთისთვის სასურველი და მარტივი პარტნიორი, თუნდაც როგორიც იყო დონალდ ტრამპი, რომლის დროსაც დაიწყო აშშ-მა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას და რუსული ამერიკული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე Europetime-თან.
წინასწარ დაანონსებული საკითხების გარდა, კიდევ რაზე შეიძლება ისაუბროს ბაიდენმა პუტინთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწეს, მეთიუ ბრაიზა Europetime-ს რიგ ვერსიებს უზიარებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს დაუპირისპირდეს პუტინს ძირითადად რუსეთის მიერ განხორციელებულ ჰაკერულ შეტევებზე, ბირთვულ საკითხებზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე, ასევე ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. თუ იქნება იმის შესაძლებლობა, განხილული იყოს განსხვავებული დღის წესრიგი, ჯო ბაიდენს შეუძლია, ყურადღება გაამახვილოს კლიმატის ცვლილებაზე, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაზე და თუ მისი პრესკონფერენციიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა, სირიის საკითხიც განიხილოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, გუშინ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა USA TODAY-ში გამოქვეყნეულ საავტორო სტატიაში განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო.
წერილში სენატორი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იყოფებოდა, აღწერს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას და რუსეთის მოქმედებებს.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი.
მე ვნახე „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“, რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივ ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე.
რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“, - წერს ამერკელი სენატორი.
ჯინ შაჰინის თქმით, სერიოზულად უნდა განისაზღვროს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. „აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში - დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში.
ვინ ესწრება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას