ეკატერინე ტიკარაძე: ნინოწმინდის პანსიონში შესვლა სახალხო დამცველის  ვალდებულებაა

სახალხო დამცველის შესვლა (ნინოწმინდის პანსიონში) არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანსიონში სოცმუშაკები მუშაობენ და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და (პანსიონის) ახალ ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს.

ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს

გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეს, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი სახალხო დამცველი ერთმანეთს ხვდებიან.