"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს მოკავშირეებს და იქნება მუდმივად მოკავშირეების გვერდით. რა თქმა უნდა, აქ საქართველო მოიაზრება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "ქრონიკასთან" განაცხადა.
ზალკალიანმა ჟენევაში გამართული ბაიდენისა და პუტინის სამიტი შეაფასა.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც გაჟღერდა არის ის, რომ აშშ და რუსეთის ფედერაცია დაიწყებენ სრულმასშტაბიან დიალოგს სტრატეგიული მნიშვნელობის თემებზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ დიალოგში საქართველოსა და კონფლიქტებს რუსეთის ფედერაციასთან, ექნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი. ჩვენ ამაზე გვექნება პროაქტიული კომუნიკაცია და ურთიერთობა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.
ბაიდენისგან გავიგეთ, რომ მათ აქვთ პრინციპული პოზიცია პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში. მათთვის მთავარია რუსეთს გააგებინონ, რომ დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგში გამოწვეული კრიზისი განპირობებულია მათი მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით. ეს გაჟღერდა ძალიან მკაფიოდ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, გუშინ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.
ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს.
„შეხვედრის ატმოსფერო კარგი და დადებითი იყო. დავაფიქსირეთ ის საკითხები, რომელშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ამერიკამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ დავბრუნდით და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ბაიდენმა.