თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე ანკარა აზერბაიჯანის რეგიონ ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს.
მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი დაგეგმვის და შესწავლის შედეგები მალე გახდება ცნობილი.
მანამადე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის დერეფნის გაჩენით სარგებელს რეგიონის ქვეყნების გარდა, ჩინეთიც მიიღებს.
ნახიჩევანი არის რეგიონი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, ნახიჩევანს 8კმ-იანი საზღვარი აქვს თურქეთთან. გარდა ამისა, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის მოქცეულია ის ტერიტორიებიც, რომელთაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომელთა ნაწილიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაწყებული ომის შემდეგ დაიკავა.