დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის უკანონოდ დაკავებული ადამიანების საკითხი განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო, ასევე გაეროს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის თემას და აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს მნიშვნელოვან როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოლაპარაკებათა პროცესში მთავარ საკითებზე, რაც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს.

რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ქართული მხარის ფასილიტაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგის მიღწევა მოხერხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის",- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანი: დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონალური გამოწვევების საპასუხოდ

დავით ზალკალიანი: ანტალიის ფორუმზე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ბოლო პერიოდში გამოკვეთილ როლზე

დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში იღებს მონაწილეობას