NATO: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა "ღია ცის ხელშეკრულების" სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

NATO ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქვეყანა "ღია ცის შეთანხმებას" 18 დეკემბერს დატოვებს.

"ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი სავალდებულო იურიდიული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ასევე ურთიერთნდობას ევრო-ატლანტიკურ რეგიონში", - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.

NATO-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ ვალდებულებების სრულად შესრულებაზე, მათ შორის, კალინინგრადის ოლქის თავზე და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით.

"ჩვენ გამუდმებით მოვუწოდებდით რუსეთს დაბრუნებულიყო შეთანხმების სრულ შესაბამისობაში და გადავდგით ბევრი ნაბიჯი. ამის ნაცვლად, რუსეთმა ვერ შეძლო კონსტრუქციული მონაწილეობა და არ გადადგა ნაბიჯები სრულ შესაბამისობაში დაბრუნებისკენ.

ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას იძლევა. მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყენოს დარჩენილი ექვსი თვე, სანამ მისი გადაწყვეტილება ძალაში შევა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და სრულ შესაბამისობაში დაუბრუნდეს ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა "ღია ცის შეთანხმებას" 18 დეკემბერს დატოვებს. სამინისტროს განმარტებით, "ღია ცის შეთანხმების" გაუქმების შესახებ შესაბამისი კანონი და დადგენილება 18 ივნისიდან ძალაში შევიდა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის მხარემ საელჩოების საშუალებით შეტყობინებები გაუგზავნა შეთანხმებაში მონაწილე მხარეებს.

"რუსეთის მხარემ ყველა მონაწილე ქვეყანას აცნობა შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ. ასე რომ, ეს მოხდება შეტყობინების გაგზავნიდან 6 თვეში, ანუ 18 დეკემბერს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ "ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას" აღარ დაუბრუნდება.

ცნობისთვის, "ღია ცის შეთანხმების" თანახმად, რომელიც 2002 წელს მიიღეს და რომლის ხელმომწერი 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და რუსეთია, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია. შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა.