ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართულმა მხარემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრაზე, შეშფოთება გამოთქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 12 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით წარდგენენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი.
"მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევებზე, რაც ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულად დასრულდა. საპასუხო განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დისკუსიების მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - ხელშესახები პროგრესის არარსებობაზე, რუსეთის დესტრუქციული მიდგომის გამო, რომელიც ახედნეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას. ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება, რომ მიმდინარე წელს ვერ მოხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდის გამართვა და გამოთქვა იმედი, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს ელჩი პოზიტიურად გამოეხმაურა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის აღდგენას და აღნიშნა, გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ და ფუძემდებლურ პრინციპებზე დაყრდნობით აღდგენის აუცილებლობა. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის. საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ამა წლის ივლისში, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას, და მოითხოვა მისი და რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მუდმივ საბჭოზე, საქართველოს ელჩმა სთხოვა პარტნიორებს, დამატებით აღმოუჩინონ დახმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ითანამშრომლონ ამ მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთან. ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს სოჭში გამართული შეხვედრის გამო, რაც ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულველყოფას, რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი. ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების პრინციპის ცალმხრივად დადასტურებას და განხორციელებას, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ელჩმა ისაუბრა ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენაზე, რაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამკუთხით, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კომპონენტს წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ამ ინციატივის მხარდაჭერისთვის. გამოსვლის დასასრულს მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ თავისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ხსენებული პრინციპების დაცვით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას. აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მოუწოდა რუსეთს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.