ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

გა-2-ებულნი და გამე-2-ებულნი

20 ივნისი მამის დღეა ამერიკაში. სრულიად სამართლიანია თუ მკითხავთ, რაში გვადარდებს ამერიკული დღესასწაულები. ამ დღემ ორი მიზეზის გამო მიიპყრო ჩემი ყურადღება: უპირველეს ყოვლისა, მამის დღე (ისევე, როგორც დედის დღე) მოძრავი დღესასწაულია ამერიკაში (ივნისის მესამე კვირა დღე). შრომაზე ორიენტირებული საზოგადოებები ერიდებიან ზედმეტი უქმე დღეების დამკვიდრებას. ასევე საინტერესოა, რომ მამის დღე საუკუნეზე მეტი ხნის წინ დამკვიდრდა ახალგაზრდა ქრისტიანების ინიციატივით მარტოხელა მამის საპატივსაცემოდ, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექვსი შვილი აღზარდა.

საქართველოში არ გვაქვს მამის დღე. სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ ზოგიერთი ქართველი 23 თებერვალს ულოცავს მამაკაცებს არარსებულ დღესასწაულს - დღეს, რომელიც საბჭოთა არმიელის დღე იყო სსრკ-ში და სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა ოფიციალური დღესასწაულია დღევანდელ რუსეთში. სულ ახლახან, ერთ-ერთი სკოლის მეექვსე კლასელებმა წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომ მამის დღედ გამოცხადდეს 19 დეკემბერი - მიხეილ ჯავახიშვილის მიერ შვილისთვის მიწერილი წერილის თარიღი. პარლამენტი აპირებს იმსჯელოს ახალი უქმე დღის გამოცხადების თაობაზე. არ ვიცი, რამდენად დამოუკიდებლად მოახერხეს ქართველმა ბავშვებმა ამ ინიციატივის წარდგინება, მაგრამ იდეა ნამდვილად კარგია. თუ ამერიკული დღესასწაულებიდან დავამკვიდრეთ დედის დღე, რატომ არ უნდა მივაგოთ პატივი მამებსაც. ისე, რა უცნაურია, რომ მშობლების პატივისცემა ისევ იმ „მასონი“ ქრისტიანებისგან უნდა ვისწავლოთ, რომლებიც ქრისტიანობას გვართმევენ.

3 მარტი, დედის დღე, როგორც დღესასწაული, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დამკვიდრდა და 1991 წლიდან აღინიშნება. დედის დღემ ჩაანაცვლა სსრკ-ში არსებული ქალთა დღე - 8 მარტი. ამგვარ ჩანაცვლებას დიდი ხნით ვერ შეეგუა ქართული საზოგადოება, და 1992 წლიდან კვლავ დაბრუნდა პრაქტიკაში 8 მარტის აღნიშვნა. არგუმენტი ქალთა დღის სასარგებლოდ ბევრია: 8 მარტი კარგა ხანია აღარ მოიაზრება მხოლოდ კომუნისტების დღესასწაულად, 1975 წელს გაერომ ეს დღე ქალთა საერთაშორისო დღედ აღიარა. ასევე, ყველა ქალი არ არის ან ჯერ არ არის დედა, და მათაც უნდა მივაგოთ შესაბამისი პატივი... ასე რომ ეხლა გვაქვს ორი უქმე დღე მარტის პირველივე კვირაში - ნაკლებად პოპულარული დედის დღე და პომპეზური ქალთა დღე, საყოველთაო გართობით... გამეორება ცოდნის დედაა - პირველად ვერ მოასწრებ მილოცვას, მეორე შანსი რამდენიმე დღეში მოგიკაკუნებს... ერთი შეხედვით, დღესასწაულებში ამგვარი გენდერული დისბალანსი ალოგიკური ჩანს მასკულინურ და მაჩოიზმით შეპყრობილ საზოგადოებაში, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ პაციფიზმისა და ფემინიზმის იდეებით შექმნილი აღნიშნული დღესასწაულები როგორ იქცა საქართველოში კიდევ ერთი ღრეობის საბაბად, სადაც ქალის პატივისცემა მათდამი მიძღვნილი სადღეგრძელოებით შემოიფარგლება, გენდერული დისბალანსი აღარ დაგვაფიქრებს. საინტერესოა, რამდენად მიიღებს ქართული საზოგადოება მამის დღეს და რა ფორმას მისცემს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში? მამობის მისიის გააზრება შესაძლებელია დღესასწაულის დამკვიდრებით? რამდენი ქართველი მამაა დღეს აქტიურად ჩართული საკუთარი შვილების მოვლასა და აღზრდაში? რატომ ეთაკილება ბევრ ქართველ მამაკაცს იყოს მამა და არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ საკუთარი სულის ნაწილად აქციოს საკუთარი სისხლი და ხორცი?

***

დღესასწაულებისა და უქმე დღეების ანალიზი კარგად აჩვენებს საზოგადოების პოლიტიკური კულტურის თავისებურებებს. ქართული დღესასწაულების კალენდარი უდაოდ გამოირჩევა ბევრი ოფიციალური უქმე დღით, ხოლო უქმე დღეებს მიღმა დარჩენილი ზოგიერთი ტრადიციული დღესასწაული ასევე ხდება თვითნებური დასვენებისა და ზეიმის საბაბი. რაც მთავარია, თითქმის ყველა დღესასწაული ორ-ორი ვერსიით გვაქვს წარმოდგენილი: ორი ახალი წელი, ორი შობა, ორი ქალთა დღე, ორი დამოუკიდებლობის დღე, ორი ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ორი მარიამობა (უკვე სამიც), ორი გიორგობა... გა-2-ებული და გამე-2-ებული საზოგადოების სურათი...

***

ვისთვის არის ამდენი დღესასწაული? ნუთუ ყველას გვედღესასწაულება ყველა გამოცხადებულ თუ არ გამოცხადებულ უქმე დღეებზე? სანამ ამ ეგზისტენციალურ საკითხზე ფილოსოფიური პასუხის გაცემა მოახერხა მავანმა და მავანმა, საკითხი გადაწყვიტა ცხოვრების ტემპმა და მკაცრმა რეალობამ შექმნა ორი უკიდურესობა - საჯარო სექტორი ისვენებს ყველა უქმე დღეს (და მომიჯნავე დღეებსაც სიამოვნებით აბამს „ნაბახუსევზე“ გამოსასვლელად), ხოლო კერძო სექტორი არ ცნობს თითქმის არც ერთ უქმე დღეს შაბათ-კვირის ჩათვლით... ისევ ორი რეალობა, ორი სამყარო, ცხოვრების ორი წესი...

***

ვგონებ ძალიან გამიტაცა ბაბლურმა სნობიზმა და კონცეპტებით ჟონგლიორობამ. ვის სჭირდება განყენებული მსჯელობები პოლიტიკური კულტურის დეტალებზე, როდესაც კვლავ ვერ შევთანხმდით მარტივ ჭეშმარიტებებზე, გა-2-ებულ და გამე-2-ებულ საზოგადოებას კვლავ ორი ვერსია გვაქვს, უნდა დაგვეთხარა თუ არა თვალები საკუთარი შვილებისთვის...