პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულების აქცია გაიმართება

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. პროტესტს სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 2019 წლის 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს.

აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან ამნისტიას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 20 ივნისის საქმეებზე პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, დღეს ორი წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან, რომლის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა.

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა. სწორედ ის უძღვებოდა სხდომას, რომელშიც 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა და რომლის თბილისში ჩატარებაც უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს.

ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიწყო. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.

22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა.

21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.