ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ში განაცხადა.

"დღეს ევროკავშირი ბელარუსის მოსახლეობას დახმარების კიდევ ერთ ძლიერ სიგნალს უგზავნის შემდგომი შემაკავებელი ზომების დაწესებით.

არ შეიძლება რეჟიმისადმი ჩვენი გზავნილი არასწორად იყოს გაგებული:

გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი.

შეაჩერეთ შემდგომი რეპრესიები.

დაიწყთ ინკლუზიური ეროვნული დიალოგი", - წერს შარლ მიშელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციები 86 ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე დაწესდება.

გარდა ამისა, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებასაც გეგმავს. მისი თქმით, ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ წინადადება ევროპულ საბჭოს წარედგინება, რომელზეც დისკუსიები 24-25 ივნისს დაგეგმილ სამიტზე გაიმართება.

ჟოზეფ ბორელის თქმით, სექტორული სანქციები ბელარუსის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ამიტომ უპირატესობა ინდივიდუალურ სანქციებს მიენიჭება, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებები რომ შეცვალოს, მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა.

მისი თქმით, სანქციების მეოთხე პაკეტი მიმართულია არა ბელარუსის, არამედ "დიქტატორისა და მისი თანამოაზრეების" წინააღმდეგ.

ცნობისთვის, სანქციების სამი პაკეტის შემოღების შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, 88 ადამიანი იმყოფება სანქციების სიაში, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო, ასევე შვიდი დაწესებულება და საწარმო.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.