ირანის ახალი პრეზიდენტი: ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება

ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, მისი მთავრობის პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ირანის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. ამის შესახებ მან პრეზიდენტად არჩევნების შემდეგ მის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რაისი აცხადებს, ირანს მსოფლიოსთან ურთიერთქმედება ესაჭიროება.

”ირანს სურს სამყაროსთან ურთიერთობა. ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება", - განაცხადა რაისმა.

პრესკონფერენციაზე მან საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს იემენის საშინაო საქმეებში ჩარევის შეჩერებისკენ მოუწოდა.

”საუდის არაბეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ იემენის საშინაო საქმიანობაში ჩარევა”, - თქვა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.

საუდის არაბეთი იემენის ომში 2015 წლიდან არის ჩართული, როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქიდან გააძევა.

ცნობისთვის, იბრაჰიმ რაისიმ 18 ივნისს გამართული ირანის საპრეზიდენტო არჩევნები, 62%-ით მოიგო. პრეზიდენტის პოსტზე მან ჰასან რუჰანი შეცვალა.