ამერიკის ელჩთან გამართული შეხვედრის მიუხედავად, ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციებს არ წყვეტს. „ლელოს“ ოფისში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ხვალინდელ აქციამდე, ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
„ხვალ, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მორიგ აქციაზე ლეგიტიმურ მოთხოვნას კიდევ ერთხელ გავახმაურებთ. „ამ პარლამენტში ქართული პოლიტიკური სპექტრი შესვლას არ აპირებს“,- განაცხადა „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენი მკაფიო მოთხოვნაა ახალი არჩევნები. შეგვიძლია ვისაუბროთ ვადებზე, სხვადასხვა ტექნიკურ დეტალზე, მაგრამ არსებითია, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებს საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია არ იღებენ. ეს არის მთავარი, დანარჩენი მივანდოთ იმ ხალხს, ვინც მოლაპარაკებებშია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აქციებს ატარებს. მორიგი დემონსტრაცია ხვალ, 15:00 საათზეა დაგეგმილი. ამ შეკრებას წინ უძღოდა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა. დიალოგის დაწყება ორივე მხარემ დადებითად შეფასა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ მოთხოვნებში რჩება ხელახალი არჩევნები.