ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კობახიძემ განაცხადა, შესაბამისად, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათ განმწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

კობახიძის შეფასებით, გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან „შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება“.

„ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი განცხადებით, თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის.

როგორც ელჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა არის ცალკე დამოუკიდებელი შტო ხელისუფლებისა და მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა.