კელი დეგნანი: თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის

თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და შეასუსტებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა UNHCR-ის ორგანიზებით დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა არის ცალკე დამოუკიდებელი შტო ხელისუფლებისა და მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა.

"ჩვენ 25 წელია საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ სასამართლო რეფორმაზე, ეს არის პროცესი და კიდევ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად. ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული დაამტკიცებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ვიხილავთ პარლამენტის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთგულებას მათ მიერ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების აღსრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საფუძვლიან სასამართლო რეფორმას, რაც გულისხმობს კანდიდატების წარდგენისა და დამტკიცების პროცესის დროებით შეჩერებას, და თუ ასე არ მოხდა, ვფიქრობ, გაჩნდება კითხვები 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

არგუმენტი, რომ ამ კანდიდატების დანიშვნა აუცილებელია, თორემ სხვაგვარად სასამართლო სისტემა ჩამოიშლება, არის უსაფუძვლო. საერთაშორისო ექსპერტების ბოლო დროინდელმა დასკვნებმა დაადასტურა, რომ არსებული სამუშაოს შესასრულებლად მოსამართლეების რაოდენობა საკმარისია. მოსამართლეების რაოდენობა ნამდვილად არის საკმარისი იმისათვის, რომ დროებით შეჩერდეს დანიშვნის პროცესი, რაც შესაძლებელს გახდის გაიმართოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და არსებითი განხილვა იმის შესახებ, თუ რა სახის სასამართლო რეფორმებია საჭირო. ეს არის ის ვალდებულება, რაზეც პარტიებმა, მმართველი პარტიის ჩათვლით, მოლაპარაკებების პერიოდში თანხმობა განაცხადეს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაზიარებით. ექვსთვიანი მოლაპარაკებებისა და განხილვის შედეგად პარტიები შეთანხმდნენ იმ დებულებებზე, რომელიც ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში და რაც მოიცავს წინა სასამართლო რეფორმების შეფასებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ როგორი რეფორმებია საჭირო წინსვლისთვის. ამ განხილვის ჩატარებამდე და სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიონალი ორგანიზაციების ჩართულობით პარლამენტის სრული შემადგენლობის მიერ რეფორმის პაკეტის შემუშავებამდე კანდიდატების დანიშვნის დაჩქარება უგულვებელყოფს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნად, ეს ხელიდან უშვებს საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა