სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას

„ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ არის ნათელი, ეს არის მშვიდობიანი გზა, ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადა, უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე, მინდა, მოვუწოდო რუსეთს, რომ იგივე გზას გაჰყვეს ამ რეგიონში და საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერცერთი ესკალაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთა შორის რამე გზა მოძებნილი კონფლიქტების დაძლევისთვის.

მისივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას აერთიანებთ არამხოლოდ საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ ერთობლივი მიზნები, დეოკუპაცია, ევროკავშირი და NATO-სკენ მიმავალი გზა.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნების საუკუნოვან ისტორიაში, რადგან ორივე ქვეყანა ამ წელს ვზეიმობთ დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილეს და მომავალ წელს ავღნიშნავთ ჩვენი ურთიერთობების აღდგენის 30 წელს.

პირველად, 15 წლის შემდეგ, პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს უკრაინას, თუმცა მოხარული ვარ, რომ მე ვესწრებოდი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას. სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ გარკვეული დრო დაიკარგა. დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებისათვის, ისევე როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით ჩვენი საერთო მიზნების გამყარებისათვის.

მე პირადად, ჩვენს ურთიერთობების ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. 2020 წლის 23 აპრილს წუხლს გამოვთქვამდი ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო, 2021 წლის 9 აპრილს საპარლამენტო სიტყვით გამოსვლისას ავღნიშნე, რომ ,,არ მინდა ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღე დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“,- რასაც მოჰყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა. ამის შემდეგ შედგა რამდენიმე ვიზიტი.

ვთვლი, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა უფრთხილდებოდეს ჩვენი ქვეყნების უერთიერთობას. ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე - ხალხთაშორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მუდვმივ და ურყევ მხარდაჭერაზე.

დღეს გვაერთიანებს არამხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ესენი არის ჩვენი ქვეყნებისა და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისკენ და NATO-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაზრდა.

დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება. დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა და არ შეიძლება არ ავღნიშნო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა ამ მიმართულებით, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება საქართველოსთვის. ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობის აღდგენა.

არ შეიძლება, გაგრძელდეს რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან - გადაადგილებები, გატაცებები. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო ჩვენი მოქალაქე ზაზა გახელაძე, რომელიც არის 12 წლით დაკავებული და ყველა უწყება მუშაობს მისი გათავისუფლებისთვის და ყველა ჩვენი პარტნიორისგან ველოდებით ამ კუთხით მხარდაჭერას. ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ არის ნათელი, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე.

მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაჰყვეს ამ რეგიონში და საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში. პანდემიის შემდეგ ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის თუ არა სტაბილიზაცია, დეესკალაცია და ბოლოს დიალოგი. დიალოგს სჭირდება დეესკალაცია, რასაც აქვს თავისი მნიშვნელობა. ვერცერთი ესკალაციის პირობებში ვერ იქნება სახელმწიფოთაშორის რამე გზა მონახული კონფლიქტების დაძლევის. ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა, მხარდაჭერა აუცილებელია და ვიცით, რომ არსებობს და იარსებებს.

ჩვენ ბევრზე კარგად გვესმის უკრაინის მძიმე მდგომარეობა. ერთი ხმრივ ყირიმის ოკუპაცია, მეორე მხრივ აღმოსავლეთ რეგიონებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო დესტაბილიზაციისა და ესკალაცია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.