დიდი ბრიტანეთი უარყოფს, რომ რუსულმა გემმა შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსულმა გემმა შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა და Twitter-ში განცხადებას ავრცელებს.

„გამაფრთხილებელი გასროლა HMS Defender-ის მიმართულებით არ ყოფილა.

სამეფო საზღვაო ძალების გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიან გადაადგილებას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.

მიგვაჩნია, რომ რუსები შავ ზღვაში საარტილერიო სწავლებას ატარებდნენ. არცერთი გასროლა არ განხორციელებულა HMS Defender-ის მიმართულებით და ჩვენ არ ვადასტურებთ განცხადებას, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ბრიტანული ხომალდის მოძრაობის მიმართულებით ბომბები ჩამოაგდო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელ გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.