აშშ-ის დაზვერვა: ამერიკელი სამხედროების გასვლიდან 6 თვეში, შესაძლოა, ავღანეთის მთავრობა დაეცეს

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაასკვნა, რომ 6 თვის შემდეგ, როგორც კი ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა დასრულდება, შესაძლოა, ავღანეთის მთავრობა დაიშალოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა გადახედეს საკუთარ წინა, უფრო ოპტიმისტურ დასკვნებს, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანმა ათეულობით რაიონი და მნიშნელოვანი ქალაქების მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა. ხშირ შემთხვევაში ავღანეთის თავდაცვის ძალები ბრძოლის გარეშე ნებდებოდნენ, უკან იხევდნენ და ტოვებდნენ ამერიკელების მიერ მიწოდებულ შეიარაღებასა და ტექნიკას.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა უკვე გაიყვანეს 3500 ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობის ნახევარზე მეტი გაიტანეს. ავღანეთიდან გასვლა 11 სექტემბრამდე უნდა დაასრულონ.

ოთხშაბათს, 23 ივნისს თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის ძალებს შორის მოხდა შეტაკება ქალაქ ქუნდუზის ჩრდილოეთ ნაწილში. წინა დღეს კი თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის მთავარი სასაზღვრო პუნქტი ტაჯიკეთთან და ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარ კერას მაზარ-შარიფის მიდამოებს მიაღწიეს. რის შემდეგაც სამთავრობო ძალების 134 სამხედრო ტაჯიკეთის მესაზღვრეებმა ქვეყანაში შეუშვეს და თავშესაფარი მისცეს. დაახლოებით 100 სამხედრო დაიღუპა ან თალიბანის ტყვეობაში ჩავარდა.

საერთო ჯამში, გასული კვირის განმავლობაში, თალიბანის ელვისებურმა შეტევამ ჩრდილოეთ ავღანეთში გამოიწვია ათობით ოლქის დაცემა და აჯანყებულთა კონტროლის ქვეშ მოქცევა.

ადგილობრივი პოლიტიკოსები და ტომობრივი ლიდერები სამთავრობო ძალებთან თალიბანთან დანებების შესაძლებლობებს განიხილავენ. მთავრობის მიერ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც თვეების განმავლობაში გასამრჯელოს ვერ იღებენ, ხშირად, თალიბანის მიერ თავისუფალი და უსაფრთხო გავლის სანაცვლოდ, საკუთარ პოსტებსა და შეიარაღებას ტოვებენ.

აშშ-ის დაზვერვა აქამდე თვლიდა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მთავრობა ამერიკის ჯარის დატოვებიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში მაინც გაუძლებდა თალიბანის ზეწოლას. საბოლოო მოსაზრების მიხედვით კი, ქაბულის მთავრობა შესაძლოა 6-12 თვის შუალედში დაეცეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 25 ივნისს ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეხვდება.