ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
მინისტრებმა დისკუსიის ფარგლებში მიმოიხილეს ასოცირების ტრიოს დაფუძნების მიზნები და სამომავლო საქმიანობა, ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული დინამიკა და მისი განვითარების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების ხედვები, ასევე ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიმოიხილა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა, ასევე ისაუბრა საქართველოს ამბიციურ მიზანზე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთების თაობაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს ამ მიმართულებით შემუშავებული აქვს კომპლექსური ხედვა, რომელიც უკვე დამტკიცდა შესაბამისი კომისიის მიერ და პროცესს პირადად უწევს კოორდინაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ასოცირების ტრიოს ქვეყნების საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა და ამისთვის აღნიშნული ქვეყნები კომპლექსური რეფორმების პროცესს მიმართავენ, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროკავშირთან სხვადასხვა სფეროში დაახლოებას და არსებული გამოწვევების მიმართ საზოგადოების მედეგობის გაზრდას გულისხმობს.