საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს. დავით ზალკალიანი, აურელიუ ჩოკოი და დმიტრო კულება ევროკავშირის "ასოცირებული ტრიოს" პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან და დღეს ჟოზეპ ბორელს შეხვდებიან.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 7 წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ისტორიული და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს თავიანთი ევროპული მომავლისკენ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.

"ისინი მოიცავდნენ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სფეროებს და წარმოადგენენ ყველაზე ამბიციურ შეთანხმებებს, რომლებიც ევროკავშირს ოდესმე თავის მეზობლებთან დაუდია. ამ შეთანხმებებმა გააერთიანა ჩვენი თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება და კეთილდღეობის სახელმწიფო მშენებლობის პროცესები.

მათ არსებითად განაახლეს სამი აღმოსავლელი პარტნიორის ურთიერთობა ევროკავშირთან და მტკიცედ განალაგეს ისინი ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე, აღიარეს რა ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები, აგრეთვე საერთო ისტორია და ღირებულებები, რომლებსაც დანარჩენ ევროპასთან ვიზიარებთ.

ევროკავშირი გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი, მთავარი ინვესტორი და დანიშნულების ადგილი მილიონობით ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებიც იქ უვიზოდ მოგზაურობენ.

შეთანხმებები წარმოადგენს ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის გაძლიერებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩოს, რომელსაც ისინი თანდათანობით მიჰყავს ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრაციისკენ.

შეთანხმებები წარმოადგენს ეფექტიან და ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს სამი ასოცირებული პარტნიორის დინამიური რეფორმის პროცესში. ევროკავშირისთვის ეს ასევე გახდა ძლიერი ინსტრუმენტები ამ ისტორიული და რთული ტრანსფორმაციის გზაზე ჩვენს გვერდით ყოფნისათვის და დასახმარებლად.

ევროპულისაბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის არა რიგითი შეთანხმებები, არამედ მთელი ეტაპები ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპის ისტორიაში", - ნათქვამია მინისტრების ერთობლივ სტატიაში.

მინისტრების თქმით, ასოცირებული პარტნიორები თანმიმდევრულად და სტაბილურად ახორციელებენ შეთანხმებებს. ისინი ხაზს უსვამენ მიღწეულ პროგრესს საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირებაში, ვაჭრობის ლიბერალიზაციაში, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის გარდაქმნაში, ადამიანთა შორის კონტაქტების დამყარების საქმეში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში, გარემოს დაცვის დღის წესრიგის გაუმჯობესებაში და უსაფრთხოების გაძლიერებაში.

"ჩვენი დემოკრატიებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესება ყოველთვის იყო და რჩება არსებით პრიორიტეტებად. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებს", - ნათქვამია სტატიაში.

მინისტრების ერთობლივ სტატიაში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეა საუბარი.

"რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე.

რუსეთის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ და უკანონო ოკუპაციამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე და ასევე მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულმა გადაუჭრელმა კონფლიქტმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს და დაანგრია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.

საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევებმა მნიშვნელოვნი დესტაბილიზაცია გამოიწვია ევროპულ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში და შეარყია წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირთან ერთად ვიმუშავოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.", - აღნიშნავენ მინისტრები.

როგორც მინისტრები აღნიშნავენ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპული არჩევანი და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის სურვილი აერთიანებთ.

"საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებში.

ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელებაში შემდგომი პროგრესისკენ და შეისწავლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული განვითარების ახალ იმპულსს პარტნიორების ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინებით

ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი მიზნის მიღმა, ასოცირების ტრიო, DCFTA – სთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ასევე იმუშავებს ევროკომისიისა და პარტნიორებს შორის არსებული დიალოგის დღის წესრიგის ისეთ ახალ თემატურ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, განათლება, სამართლიანობა და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ DCFTA-ს ჩარჩოს მიღმა, მოვძებნოთ დამატებითი ინსტრუმენტები ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ასევე ევროკავშირთან ძლიერი, უსაფრთხო და საიმედო კავშირის გასაძლიერებლად.

ტრიოს ერთობლივი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ, კიბერმედეგობის გაძლიერება, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან და მომსახურებებთან თანამშრომლობის პლატფორმების შემუშავება.

ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას CSDP– ის მისიებსა და ოპერაციებში, რომლებიც დაადასტურებენ ჩვენს სტატუსს, როგორც საიმედო და მნიშვნელოვან პარტნიორებს ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში", - ნათქვამია სტატიაში.

დღეს, ჟოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან