დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ „ტრიოს სამიტს“ უახლოეს მომავალში საქართველო უმასპინძლებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში, ტრიოს სამიტს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

ზალკალიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი დინამიკა, პროგრესია და თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნა, ამ ინიციატივას წინ არაფერი დაუდგება.

„უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, თბილისში ვუმასპინძლოთ სწორედ „ტრიოს სამიტის“ ფორმატში ლიდერებსა და ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობით. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება ამ პროცესის შეუქცევადობის, რომელიც დღეს აქ დაიწყო, ბრიუსელში. უფრო სწორად, დაიწყო კიევში, 17 მაისს, ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი, ძალიან წარმატებული იყო, გამომდინარე ჩვენი საუბრებიდან, დისკუსიიდან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გვქონდა, როგორც კომისიაში, ისე საგარეო ურთიერთობის უმაღლეს წარმომადგენელთან, ისე ევროპარლამენტში, ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები არის და ყველა ერთხმად მიესალმება ტრიოს ფორმატში ჩვენი ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გააქტიურებას. მიმღებლობა იყო ძალიან მაღალი, რაც ვფიქრობ, პირველი პოზიტიური შედეგი არის ტრიოს ფორმატის. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ აუცილებელია, შენარჩუნდეს პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ინკლუზიურობა, ანუ ყოვლისმომცველი იყოს ეს პროცესი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა, რაც ძალიან სამართლიანი, რადგან სამი ქვეყანა, ასოცირებული წევრი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ჩვენ ვართ, ვინც აჩვენებს პროგრესს ამ მიმართულებით. აუცილებელია, რომ ამ პროგრესს მოჰყვეს შემხვედრი, შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან. როდესაც შენ პროგრესს აჩვენებ, აუცილებელია, რომ ეს კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯებით იყოს გამყარებული. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, დღეს დაწყებული დიალოგი, მომავალში მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კითხვაზე, ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობით „ტრიოს სამიტი“ რას ნიშნავს, ევროპარალმენტარებმა თქვეს, რომ მიშელი იქნება პირადად ჩართული და ჩამოდის თუ არა ის საქართველოში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „როგორც კი გვექნება ოფიციალური დადასტურება, გეტყვით აუცილებლად. მასპინძელი ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, დიდი სურვილია, რომ იყოს უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი, იმედია, ასე იქნება“.

ცნობისთვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში განაცხადა, რომ ელის საქართველოში ვიზიტს.

,,მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.