„ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან უფრო დაახლოება სურთ“, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში განცხადა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირთან დაახლოება ორივე მხარის მუშაობას მოითხოვს და თითოეულმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის რეფორმები საჭიროებს განხორციელებას.
ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ამ რეფორმებს და აფასებს თითოეული ქვეყნის ძალისხმევას.
„მივესალმები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას და მათგან სრულ კონსტრუქციულ მონაწილეობას ველი ჩვენი ურთიერთობის განვითარების პროცესში. ევროკავშირი უნდა ამაყობდეს იმით, რომ პარტნიორებს მასთან კიდევ უფრო დაახლოება და ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ. ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და ამას მივესალმებით. ასევე მივესალმებით მათ მოთხოვნას, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ევროკავშირთან. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტია კავშირების გამყარება არამხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ, პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცება;, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ბორელის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტის კავშირების შენება არამხოლოდ ევროკავშირსა და მის პარტნიროებს შორის, არამედ თავად ამ პარტნიორებს შორისაც.
„მივესალმები უფრო მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის, ასევე მათ სწრაფვას ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისკენ. ეს არის კარგი, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორების ფარგლებში, არამედ გვაქვს ასევე ასოცირების შეთანხმებები, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ამ შეთანხმების სრულად შესრულება საკვანძოა, რათა გამოყენებული იყოს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. მაგალითად, სავაჭრო ბრუნვის ზრდა, უფრო მეტი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე დეზინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა, გარემოს დაცვისა და კავშირის სფეროში თანამშრომლობა. ევროკავშირთან დაახლოება მოითხოვს ყველა მხარის მუშაობას. იცით, რომ თითოეულ თქვენს ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც საჭიროებს დეტალურ და სიღრმისეულ გაუმჯოსებებას. შეგვიძლია, მხოლოდ დავაახლოვოთ კანონმდებლობა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა და განვავითაროთ ერთობლივი მუშაობა, თუ ეს რეფორმები სრულად განხორციელდება და ამოქმედდება. ევროკავშირი პატივისცემით დგას თითოეული თქვენგანის გვერდით ამ ძალისხმევაში და მხარს გიჭერთ პოლიტიკურად და ფინანსურად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელი არის მნიშვნელოვანი „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“.
„ევროკომისიასთან ერთად, ჩვენ ვართ 2020 წლის დღის წესრიგის ანალიზის დასრულების პროცესში. ეს დღის წესრიგი მოიცავდა კონკრეტულ შედეგებსა და მიზნებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, დეკემბერში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ავამოქმედოთ ახალი დღის წესრიგი და შევათანხმოთ საერთო სამომავლო ხედვა. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების განვითარებას ინკლუზიურობისა და დიფერენცირების პრინციპების საფუძველზე. ეს საჭიროებს მოქნილობას ორივე მხრიდან. ასე რომ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი, აურელიუ ჩოკოი და დმიტრო კულება ევროკავშირის ასოცირების ტრიოს პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან.