დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოუსმენს

დღეს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, რომელიც პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით წლიურ მოხსენებას გააცნობს.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი საკვანძო მიმართულება, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

„პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით მიმდინარეობს:

პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვისთვის გამოყოფილია 2 წუთი, დაზუსტებისთვის - 1 ხოლო შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს 20 წთ.

სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა 5 წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების - 3 წუთი.თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, 10 წუთიანი რეგლამენტით მომხსენებელი პარლმენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.