როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რეკომენდაციები არაერთხელ წარმოადგინა და ამ საკითხზე შესაბამისი დოკუმენტიც არის შემუშავებული. „ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნავდა ანდრიუს კუბილიუსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ.
უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ანდრიუს კუბილიუსი: ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია.
როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ.
მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით.
კუბილიუსმა რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება.