ევროკავშირის სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლიდერები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები.
„ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები მოახდენენ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის დემონსტრირებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სრულად აიღოს თავისი პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, როგორც ძირითადი პირობა ევროკავშირის პოზიციის ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის.“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადება. მათ შორის ეკონომიკური სანქციები.
„გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადება ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე წარმოადგინეს. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ამ საკითხზე შეთანხმდებოდნენ“,
ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ
- ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. Europetime-თან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს.
„მათმა წინააღმდეგობამ, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან ერთად, დაადასტურა სერგეი ლავროვის მცირე მოლოდინი შეხვედრის შესახებ. თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირს ერთხმად ესაუბრა, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და განსაკუთრებით მათ, ვინც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება“, - აღნიშნავს ლუის ნავარო.
ასევე, Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადებას მიამიტურ მიდგომად აფასებს.
„მერკელის და მაკრონის მცდელობა, მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უკვე დაიბლოკა. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის შეცდომად აღიარა უკვე ეს წინადადება, რომლითაც ევროკავშირის დანარჩენი წევრები გააკვირვეს და რომელიც ევროკავშირის სამიტის წინა საღამოს წამოაყენეს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს
როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რეკომენდაციები არაერთხელ წარმოადგინა და ამ საკითხზე შესაბამისი დოკუმენტიც არის შემუშავებული. „ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნავდა ანდრიუს კუბილიუსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ.
უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ანდრიუს კუბილიუსი: ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია.
როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ.
მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით.
კუბილიუსმა რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება.
მე არ ვარ მიამიტი - მარინა კალიურანდი რუსეთთან ურთიერთობებზე
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება და რაც არ მოგვწონს.
2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც კიბერგამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე.
მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა.
ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს.
დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი.
ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია“, - აღნიშნავს რუსეთში ესტონეთის ყოფილი ელჩი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი Europetime-თან ინტერვიუში.
ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ