კარლ ჰარცელი: ჩვენი სამოქმედო გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში

„მსოფლიო ბანკთან ერთად მოვამზადეთ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ფოთში, სადაც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის ევროკავშირის ძალისხმევას ხაზი გაუსვა. დასავლეთ საქართველოში სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფოთში ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ელჩი ესტუმრა ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს და შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და მეზღვაურებს. მან დამსწრეთ მიმართა სიტყვით, რომელშიც ხაზგასმული იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის.

„ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პორტებში ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, ხოლო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იმუშავებს პორტებში გემების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმღები ობიექტების გაუმჯობესებაზე. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად მოვამზადეთ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

ეს გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ დაფინანსება იმ პრიორიტეტული ობიექტებისათვის, რომლებიც რეგიონისა და ევროკავშირის სატრანსპორტო გზების დამაკავშირებელ სტრატეგიულ მარშრუტებზე მდებარეობენ. ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო, ჩვენი საერთო მიზნების მიმოხილვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. იცურეთ და საქართველო ევროკავშირთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანეთ!“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.